აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიანმარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მიანმარში სამხედროების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება, აუნ სან სუ ჩისა და სხვა ოფიციალური პირების დაკავება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უშუალო თავდასხმაა ქვეყნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. თითქმის ათი წლის განმავლობაში, მიანმარელი ხალხი სტაბილურად მუშაობდა არჩევნების, სამოქალაქო მმართველობისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დასამყარებლად. ეს პროგრესი დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს, რათა აიძულოს სამხედროები, დაუყოვნებლივ უარი თქვან ძალაუფლებაზე, გაათავისუფლონ აქტივისტები და ოფიციალური პირები, მოხსნან ყველა სატელეკომუნიკაციო შეზღუდვები და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისგან.
"ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენის ხელშესაწყობად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აშშ-მა მიანმარს სანქციები მოუხსნა დემოკრატიული პროგრესის საფუძველზე. ამ პროგრესის უკუსვლა ჩვენი სასანქციო კანონებისა და უფლებამოსილების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს, რასაც შესაბამისი ზომები მოჰყვება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.
2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც "დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის" პარტიამ გაიმარჯვა. "სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ", რომელსაც მხარს სამხედროები უჭერენ, პარლამენტში მინიმალური რაოდენობის მანდატები მიიღო.