ჩვენ მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური პროცესი ისე იყო წარმართული, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა არც კი გამოთქვა თავისი აზრი. დარწმუნებულნი ვართ, რომ მათ შორის არიან ისინი ვისაც სურთ, რომ პარლამენტი შედგეს. ისინი ვისაც სურს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება. არადა, მოლაპარაკებას აზრი ეკარგება თუ მანდატები იქნება გაუქმებული, ამიტომ რადგან ჩვენ ვიცით, როგორი განწყობებია ოპოზიციაში, მივიჩნევთ, რომ მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქვს შანსი, – ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშილმა განაცხადა.
"თუ "ქართული ოცნება" თავისი გადაწყვეტილებით არ შეაჩერებს მოლაპარაკებების პროცესს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საჯარო სივრცეში გავმართოთ დებატები დისკუსიები და დავანახოთ ჩვენს ამომრჩეველს რამხელა რისკების წინაშე ვდგავართ. თუ ამომრჩეველი დაინახავს ამ რისკებს, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსები ორივე მხრიდან მიხვდებიან, რომ პოზიცია უნდა შეიცვალოს და დიდი ალბათობით მივაღწევთ წარმატებას", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი განცხადებით, თუ პროცესი დასრულდება მანდატების გაუქმებით, მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება.
"ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ ქუჩაში იქიდან ვიბრძოლოთ ძალაუფლებისთვის და "ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულად მართოს ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ მართლა სერიოზულად ვამბობთ, ორივე მხარე, რომ მოლაპარაკება გვსურს, თუ ეს მოლაპარაკება არის ჩვენი მიზანი, მაშინ მანდატები არ უნდა იყოს გაუქმებული. თუ ორივე მხარე ტყუის მოლაპარაკებების სურვილის თაობაზე, მაშინ ეს უნდა იყოს გაცხადებული. ჩვენც შევეშვებით და აიღოს პასუხისმგებლობა ოპოზიციამ, რომ აღარ სურთ მოლაპარაკება და სურთ ქუჩიდან გააგრძელონ ბრძოლა, მაშინ გასაგები იქნება მათი პოზიცია. თუ მართლა მოლაპარაკება სურთ, მაშინ მანდატების გაუქმება არალოგიკურია", – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციონერებს მანდატებს არ შეუწყვეტს, მაშინ რამდენიმე კვირა დარჩება, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გაგრძელდეს.
"ჩვენ ვიცოდით, რომ "ქართულ ოცნებაში" არის განსხვავებული პოზიციები, თუმცა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება გადახედილი. თუ ასე მოხდება ე.ი. ეს იქნება გასაგები განაცხადი, რომ მოლაპარაკება შეწყდა და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება მარტივი და შეუცვლელი. თუმცა, თუ საღი აზრი გაიმარჯვებს და "ქართულ ოცნებაში" მოლაპარაკებები იქნება პრიორიტეტი, იმედია რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და საბოლოო ჯამში, გვექნება რამდენიმე კვირა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ დისკუსიები", – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის 2 თებერვლის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.