გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოსკოვის სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენისა და პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღდეგ ძალის გამოყენების გამო, რუსეთს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესონ.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ანგელა მერკელის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოსკოვს ნერვული აგენტის გამოყენებით ნავალნიზე განხორციელებული თავდასხმის გამო სანქციები უკვე დაუწესა, თუმცა ახალი სანქციების დაწესება გამორიცხული არაა.
"რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესება გამორიცხული არ არის,"- განაცხადა შტეფან ზიბერტმა.
მისი თქმით, ნავალნის საქმის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს არღვევს.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ივ-როშეს" საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს