8 მარტის შეთანხმებისთვის ევროპის საბჭოში დავიმსახურეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება და აქვე იმედგაცრუებაც ოპოზიციის მიმართ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა განხილვებში და კენჭისყრაში, როდესაც მათი ინიციატივით მოხდა ამ პირობების დაყენება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.
"ერთი კვირის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პირველივე დღეს გამოტანილ იქნა მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ყოველწლიური ანგარიშია და წევრი ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებს აფასებს. იქ საქართველოზე უპრეცედენტოდ დადებითი შეფასებებია და ერთ-ერთი რაზეც ხაზს უსვამენ არის 8 მარტის შეთანხმება და "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო და და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელებიც ეუთო/ოდირის დასკვნებში იყო მითითებული. ეს იყო დიდი შრომატევადი საქმე, რომელიც პარლამენტმა ბოლო სესიებზე განახორციელა. რაც ყველაზე მთავარია ეს იყო ხალხის ნება, რომელიც შეთანხმების სახით გაიწერა 8 მარტის შეთანხმებაში და ჩვენ საბოლოოდ შევძელით ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ამ კუთხით დავიმსახურეთ, აქვე იმედგაცრუებაც ოპოზიციის მიმართ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა განხილვებში და კენჭისყრაში, როდესაც მათი ინიციატივით მოხდა ამ პირობების დაყენება და ჩვენი მხრიდან შეთანხმება", - განაცხადა კახა კუჭავამ.