ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსი აშშ-ს საშუალებას მისცემს, რუსეთს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს.
„ჩვენ შევძლებთ რუსეთს უფრო ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა. უკეთ მომზადებული ვიქნებით იმისთვის, რომ ისეთ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემია და ბირთვული იარაღის გავრცელება“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს.
„ეს მავნე ქმედებები მოიცავს ამერიკულ დემოკრატიაში ჩარევას, ევროპაში ქიმიური იარაღით ხალხის მოწამვლას, კიბერშეტევებსა და ბევრ სხვა რამეს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.