„რაც შეეხება იმას, რომ პესიმისტური განწყობაა ვაქცინაციაზე და მხოლოდ 40 პროცენტი ამბობს, რომ აიცრება, ეს ცუდია, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ გზა თავისუფლებისკენ, გზა კოვიდპანდემიის დამარცხებისკენ გადის მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცოტა პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც მოსახლეობის სერიოზული ნაწილი მოითხოვს შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობს ვაქცინაციაზე. „ეს ორი რამე ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. ეს განწყობა ქვეყანაში უნდა გაქრეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ხალხი შეხედავს, თუ როგორ წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პირველი ეტაპები, ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ყველა იმ კლინიკას შეისწავლის, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.