28 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის მშნებლობის დასრულების შემდეგ კომპანია ამ მონაკვეთს, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ კომპანია „ენკას“საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირინა პეტრიაშვილმა განუცხადა.
ნამახვან ჰესის მშენებლობისთვის საინვესტიციო პასუხისმგებლობებით ტერიტორია კომპანია „ენკამ“ მიიღო. საინვესტიციო პაკეტი 800 მლნ დოლარს შეადგენს. ტერიტორიაზე დაგეგმილია გზის, გვირაბებისა და ჰესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კომპანიაში უარყოფენ, რომ ტერიტორია მათ სიმბოლურად, ერთ ლარად გადაეცათ.
„როდესაც ასეთი ინვესტიცია ხორციელდება, ინვესტორი მხოლოდ იმ მიწაზე ახორციელებს ინვესტიციას, რომელიც მის განკარგვაშია. პროექტში შედის 28 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის მშნებლობა, რომელიც ქუთაისს ალკანა-მამისონს აკავშირებს. მისი ღირებულება 200 მლნ ლარია. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია ამ მონაკვეთს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს“, - განაცხადა ირინა პეტრიაშვილმა.
ნამახვან ჰესის მშენებლობა წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან დღეს აქციაზე გააპროტესტეს. ისინი მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვდნენ.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ხელკეტი.