მე პროკურატურის ორგანოებიდან თავის დროზე იმიტომ წამოვედი, რომ არ შემეძლო ადამიანის დაჭერა, შინაგანად ძალიან დიდ დისკომფორტს მაყენებდა და წამოვედი იქიდან 25 წლის წინ, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშია მისული.
ნათელაშვილმა მიმართა ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს:
„მინდა, ამ ქალბატონს მივმართო – განაჩენი, სადაც შეიძლება ეწეროს ნიკა მელიას დაპატიმრება, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე შენ იქნები დაპატიმრებული“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მიტანილ კასრებსა და შეშაზე, ასევე გაკეთებულ კომენტარებზე იმის შესახებ, რომ ისინი დისკოთეკისთვისაა ადგილზე მიტანილი: „დისკოთეკა? რატომაც არა, ვიცეკვებთ გამარჯვების ცეკვას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.