„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს „გავრილოვის სასამართლო“ იყო.
ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელი განაჩენით ყველა ის ადამიანი სამართლდება, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დგას.
ამასთან, მელია მხარდამჭერებს მადლობს უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ასეთი დიდი სოლიდარობა არასოდეს უგრძვნია.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, ისეთი როგორიც 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო.თუმცა, ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული. დღევანდელი სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ორ, სამ ან ათ ცალკეულ ადამიანს.
ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს.
თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს ვინც მომხრეა უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინც მომხრეა განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ სიმართლეზე ვდგავართ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ინფორმაციისთვის, 20 ივნისის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.