მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ვინაიდან მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ, დაგვეხმარონ ამ კრიზისის განმუხტვაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიეტუვის სეიმის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.
„მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ვინაიდან მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ, დაგვეხმარონ ამ კრიზისის განმუხტვაში. ეს კრიზისი დაიწყო 20 ივნისიდან, რაც გავრილოვის გამო დევნიან ნიკა მელიას. მივიჩნევთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი პარტნიორები შეშფოთებულები არიან. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების პარალელურად, გადავდოთ დაანონსებული აქცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით მხოლოდ კონფრონტაციაზე მიდის.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებით გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და 25 თებერვლის აქციას გადავდებთ. დღეს საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომები და არა ვიწროპარტიული. მარტივ რამეს ვითხოვთ, დასრულდეს პოლიტიკური დევნა, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. „ქართულ ოცნებაზეა“ ჯერი“, – აღნიშნა ვაშაძემ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია მშვიდობიანი პროცესებით ცდილობს, ქვეყანაში მოცემულობა შეცვალოს.
„ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ხელისუფლების მიმართ. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ არიოს ქვეყანა. ვეცდებით „ოცნების“ დასრულება მოხდეს ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს. ყველანაირად ვეცდებით, რომ მშვიდობიანი პროცესებით განვითარდეს ყველაფერი, მაგრამ როცა ხელისუფლება შტურმს აპირებდა, გამორიცხვა რთულია ხელისუფლების უგუნურების. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს დასავლეთთან და იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება, რომელსაც თავისი ხალხის არ ესმის, დასავლეთს მაინც მოუსმენს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ასევე, ბრიფინგზე, ჟიგიმანტას პავილიონისს მადლობა გადაუხადეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ და პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა და საელჩოს მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.