პირველი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური იცვლება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდება- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს.
ცვლილებას „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ასევე იმოქმედებს გადახდის ინტეგრირებული სქემა, რომელიც კომპანია „სისტრამ“ მოამზადა. ეს სქემა გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით უფასოდ მგზავრობა.
მისივე განმარტებით, 1-ლი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება. გარდა ამისა, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდაც.
"არის გეგმაში, რომ კომპანიამ კიდევ 400 მიკროავტობუსი შეისყიდოს, რაზეც ახლა მუშაობენ. დაახლოებით, 700 ერთეული მიკროავტობუსი უახლოეს პერიოდში უნდა გვყავდეს", - განცხადა გრიგოლიამ.
მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია ტენდერის გამოცხადება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის, 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის; 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსისისა და 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვაზე. ასევე იგეგმება 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა.