ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პლებისციტზე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელ გზაზე ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდა ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება. ის იმედოვნებს, რომ საკუთარ პოზიციას მიხეილ სააკაშვილიც შეცვლის.
„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს, შეიძლება გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან. პლებისციტი იქნება თუ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები, აირჩიონ ან ერთი ან მეორე ვარიანტი, მისცენ ეს ინფორმაცია ფასილიტატორებს თუ აწ უკვე მოდერატორებს და გავიგებთ ამის შესახებ. 16 მარტის დედლაინი დაუწესეს სწორედ მათ - მთავრობას, რომ კონკრეტული პროგრესით ჩავიდნენ ბრიუსელში. არ ჩავლენ?- გაცილებით უფრო მკაცრი და ცუდი იქნება რეაქციები დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ და მარტივ რაღაცას ვამბობთ, პოლიტიკური განსხვავებულობის გამო ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს და მეორე მთავარი საკითხი არის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შეთანხმება და ხალხს ვკითხოთ. აგერ თქვენ და აგერ მე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცვლის თავის პოზიციას, არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ ეს საკითხი. მე ესე ვფიქრობ, რომ შემოვა პლებისციტით. თუ არა, ხვეწნას არავის დავუწყებ, ყველამ თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისინი თავისას. ნაკლებად მაინტერესებს, ისინი რას გადაწყვეტენ სიმართლე გითხრა, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება, მე მზად ვარ ამ შეთანხმებაზე წავიდე. ის, რაზეც შევთანხმდით, მე იმის ერთგული ვარ და პოზიციების ცვლილება და თამაში არ მახასიათებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რატომ შეცვალა პოზიცია მიხეილ სააკაშვილმა, ვაშაძე პასუხობს, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
„არ მქონია მასთან კონტაქტი, რაც ჩვენი გზები გაიყო და სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს რა აწყობს ან რა არ აწყობს, არ არის ეს ჩემი ამოცანა, ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ“, - აცხადებს ვაშაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პლებისციტის საკითხი არ განიხილება.
მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.