ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ამასთან გაბუნია აცხადებს, რომ რუსულმა ვაქცინამაც შეიძლება გაიაროს ავტორიზაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ თვლის, რომ რუსული ვაქცინა გამოიყენოს. „რადგან არჩევანი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინის მობილიზებას. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვაქცინას, რომელიც მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. მათ შორის ჩინურსაც“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ ძალიან ახლოსაა ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.