27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ექთნის ჯანმრთელობა გუშინ აცრის შემდეგ მალევე დამძიმდა და ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. პაციენტი დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია გუშინ აცრის შემდეგ განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.