აჭარის შემთხვევაში შერჩეული გვქონდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი Pfizer-ის ვაქცინისთვის, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პერიფერიულ კლინიკებში, რაიონულ დონეზე ვაქცინაცია აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„აჭარის შემთხვევაში შერჩეული გვქონდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი Pfizer-ის ვაქცინისთვის. AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას.
მოგეხსენებათ, რომ აჭარაში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც დაგეგმილი იყო ვაქცინაციის ჩატარება. თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პერიფერიულ კლინიკებში, რაიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესი აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება, რომელსაც საკმარისად დიდი ნაკადების მართვა შეუძლია“, - განაცხადა გაბუნიამ.
მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაცია დღეს შეჩერდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.