“ხვალ, კვირას 11.30 რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში დათა პაპას გასვენებაში”.
ამის შესახებ მოძრაობა “დროა”-ს დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში Facebook წერს.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.
მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი.
დათა ვანიშვილი მავთულხლართების გავლების შემდეგ საცხოვრებელ სახლს არ ტოვებდა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან სწორედ მავთულხლართის მიღმა უწევდა ურთიერთობა.
რამდენიმე თვით ადრე, მალხაზ ვანიშვილმა მეუღლესთან ერთად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ცხოვრების უფლება სთხოვა. ისინი რამდენიმე დღით კარანტინში მოათავსეს. მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, მისი 8 თვის ორსული ცოლი კი გამოაძევა.