ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ კოსმეტიკური „ფილერი“ არ შეიძლება, იყოს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჩვენება.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ წლების წინ, ამ პროცედურასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შორისაც დაადგინეს კავშირი.
„ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა, ასევე ფაიზერთან მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს“,- აღნიშნა მან.ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, შეშუპების დაფიქსირების შემთხვევაში, არსებობს გაწერილი პროტოკოლი, მკურნალობის შემდეგ კი შეშუპება უკვალოდ ქრება.
„დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვთ, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან“,- განმარტა მან.