პოლიტიკურ პარტიებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთ დღეში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ამ ინიციატივითა და დანიელსონის წინადადებებით შეიძლება წინ წავიდეთ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, სასურველია წინადადებების მთლიან პაკეტზე შეთანხმება და ამ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება.
„წინადადებების ამ პაკეტზე შეთანხმება, დიალოგის გაგრძელება, ევროპარლამენტის მხრიდან უფრო მეტი ჩართულობა, ეს ყველაფერი გაცილებით კარგია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება და კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება მოვიდეს ის მომენტი, როდესაც ევროკავშირი იტყვის, რომ მათ მეტი დახმარების აღმოჩენა უბრალოდ აღარ შეუძლიათ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას და ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, მეტი პასუსიმგებლობა გამოიჩინონ. სასურველია წინადადებების მთლიან პაკეტზე შეთანხმება და ამ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება. ჩვენც გვაქვს ხოლმე ლიეტუვაში რთული მომენტები, პოლიტიკური დაძაბულობა და ზოგჯერ ღრმა პოლიტიკური კრიზისიც, მაგრამ კრიზისის დროს ლიეტუვაში პოლიტიკური ძალები პასუხისმგებლობის დემონსტრირებას ახდენენ. კრიზისის დასაძლევად პოლიტიკოსებს მათთვის მძიმე, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ და ამისთვის ამომრჩევლები მათ აკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ პოლიტიკოსის ვალია პასუხიმგებლობის გამოვლენა და კრიზისის დასრულებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ჩემი რჩევაა ორივე მხარის მიმართ, რომ ძალიან კარგად გაანალიზონ არსებული სიტუაცია. მმართველმა პარტიამ შემდგომი ნაბიჯები უნდა განსაზღროს. ოპოზიციას მოვუწოდებ, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა, ბრძოლა საკუთარი იდეებისთვის. ოპოზიცია არ იყო კმაყოფილი არჩევნების შედეგებით, ისინი არ ენდობიან შედეგებს, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირია მედიაციაში ჩართული. ევროკავშირი მზადაა საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს და აქ საუბარია მართლმსაჯულებასა თუ საარჩევნო კანონმდებლობაზე. ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესებაში. ეს ძალიან კარგია და ამით პოლიტიკური ძალები კმაყოფილები უნდა იყვნენ. მე ხვალ გავესაუბრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს და ჩვენ განვიხილავთ არსებული სიტუაციას“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.