ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეორგანიზაცია და პროფესიული კადრებით გაძლიერება სჭირდება, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა. კულტურის მინისტრის თქმით, არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფში, რომელიც მან გელათის საკითხზე სამუშაოდ შეკრიბა, სააგენტოს თანამშრომლები არ არიან.
„ჩემთვის ეს ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო რესურსია იმისთვის, რომ ბევრი განსხვავებული პროფესიული აზრი ითქვას და შემდეგ ძეგლთა დაცვის სააგენტომ სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს. საუბარია დაახლოებით 10-მდე გამოცდილ არქიტექტორ-რესტავრატორზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობს. სამწუხაროდ, მათგან არცერთი არ არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია და პროფესიული კადრებით გაძლიერება სჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
კულტურის სამინისტრომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2008 წლიდან დღემდე სარესტავრაციო პროცესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მოძიება მოსთხოვა. სააგენტომ ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს დეტალური ინფორმაცია ხვალ უნდა წარუდგინოს.
„როდესაც პრობლემები 2008 წლიდან ჩაისახა და უახლოეს წარსულამდე მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ძნელია რაიმე ტიპის ჯადოსნური ჯოხივით გამოსავლის მოძიება მოკლე ვადაში. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რამდენიმე სასიცოცხლოდ გადასადგმელ ნაბიჯზე შევთანხმდით. მოხდეს მომდევნო დღეებში სააგენტო მიერ ყველა იმ დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება, სისტემატიზაცია, რომელიც აქამდე ქაოტურად მზადდებოდა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფში გაზიარება“, - ამბობს მინისტრი.
რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები გელათში „იმედის კვირის“ სიუჟეტიდან გაიგებთ.