გურამ დოჩანაშვილი შვილის გვერდით დაიკრძალა, საბურთალოს საძმო სასაფლაოზე. ისევე მოკრძალებულად წავიდა, როგორც იცხოვრა.
მწერლის მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის წინადადებით მისულ ბავშვობის მეგობარს, მოძღვარს და ახლობელ მსახიობს, ასეთი პასუხი დახვდა: ის შვილთან მიდის, ასეთი იყო მისი სურვილი და დამთავრდაო.
მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, რომელიც “დოჩანასთან” მეგობრობდა, ელოდა, რომ კლასიკოსი, მახათას მთის ახალ პანთეონში დაიკრძალებოდა.
ლაშა თაბუკაშვილი: – მქონდა პატივი მემეგობრა ამ საოცარ მწერალთან, უნიკალურ პიროვნებასთან, რომელიც ძალიან გავდა საკუთარ მწერლობას.
ამბობენ, რამხელა სიცარიელე გაჩნდაო. გურამის წასვლით, ვიტყოდი, ახალი სისავსე გაჩნდა. მონატრების სისავსე. მისი ერთი მოთხრობა რომ ავიღოთ – “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, სახელმძღვანელო უნდა იყოს მრავალი ერისთვის. ამ ტექნოლოგიურ საუკუნეში, ის უნდა წააკითხო ახალგაზრდებს.
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. მისი თვისებებიდან, ნიჭის შემდეგ, თავმდაბლობას გამოვყოფდი. თუმცა ესეც ნიჭია. უნიკალურია ამით. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ თავმდაბლები და ხშირად ჩანს, რომ მხოლოდ ვცდილობთ. ის ბუნებრივად იყო თავმდბალი, რადგანაც იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი.დიდ სიბრძნეს ბავშვობაც მოსდევს და მიამიტობაც. ყოფითში შეიძლება მიამიტი იყო, მაგრამ ყველაფერი რაც გარშემო ხდებოდა, იცოდა ძალიან ღრმად.
წარმოიდგინეთ მერვე კლასელი ბიჭი, მისი ლეგენდარული კლასელებით, დისიდენტობისთვის დააპატიმრეს. ვოვა სიხარულიძესთან, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად დააპატიმრა კაგებემ. იქიდან დაიწყო მისი ბიოგრაფია. არც ქუჩა დაკლებია, არც თბილისური ბიჭობა და არც ბოჰემური ცხოვრება, რომელიც ცოტა ზედმეტი მოგვდიოდა. მაგრამ ახლა მასთან ყოველ შეხვედრას, როგორც ძვირფას მოგონებას, ისე ვინახავ.
ჩემთვის მაინც მოულოდნელობა იყო, რომ მთაწმინდაზე დაკრძალვაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად კი, ჩვენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ქტიტორები გახლავართ და რატომღაც მეგონა, რომ იქ დაიკრძალებოდა. მაგრამ მაინც მისმა შვილმა, ირაკლიმ გადაძალა ყველა და ყველაფერი.
მისი ტრაგედიის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, უშუქობაში, ღამის 4-5 საათზე, ჩემს კარზე ზარი მე აღარ მიკვირდა. ვიცოდი, ეს იყო გურამი. მოდიოდა და უკვე გარდაცვლილი მამაჩემის, რეზოს ფოტოებს ეფერებოდა და თხოვდა, ჩემს ირაკლის მიმიხედეო.
შალვა ნათელაშვილი მწერლის იუმორის ნიჭს იხსენებს და ერთ ეპიზოდს ჰყვება.
შალვა ნათელაშვილი: – ბატონი გურამი თვითონ იყო ნაწარმოები. მისი ფრაზები კიდე ცალკე წიგნად გამოსაცემი მასალაა, რომელსაც, ალბათ, შეკრებენ და გამოუშვებენ.
ჰქონდა საოცარი იუმორი. მახსოვს, გამოვედით ვიღაცის პანაშვიდიდან და წინ შეგვხვდა უცნობი პიროვნება. ვის პანაშვიდზე იყავითო,გვკითხა. ბატონმა გურამმა უპასუხა. რითი გარდაიცვალაო? ამაზეც უპასუხა. რამდენი შვილი დარჩაო, ეს კითხვაც დაუკმაყოფილა. და კიდემ რომ იკითხა რაღაც, ასე უპასუხა – თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებითო.
დიდი დანაკლისია ჩვენთვის, რადგან კიდევ ბევრ დაუვიწყარ რამეს შექმნიდა. 21-ე საუკუნეში ეს ის ასაკი არ არის, რომ შემოქმედს თავისი გზა დამთავრებული ჰქონდეს.
თვითონ ისეთი პიროვნება იყო, რომ არასოდეს არ დაიწუწუნებდა და არ დაიჩივლებდა. ყოველთვის ვითომ კარგ ხასიათზე იყო. არიან ასეთი ადამიანები, რომ არავის არ აწუხებენ და არაფერს იმჩნევენ. ახლა გავიგე, რომ საპატრიარქოს უფასო სასადილოთი სარგებლობდაო. ეს თუ ასე იყო, სირცხვილი და თავლაფის დასხმა ახლანდელ და მის წინამორბედ ხელძღვანელობას.
მუსიკოსმა ზაზა მარჯანიშვილმა რამდენიმე წლის წინ “სამოსელი პირველი” საოპერო ჟანრში დადგა და მასში სხვადასხვა თეატრების მსახიობების ანსამბლები შეკრიბა. სასცენო ქორეოგრაფია ბატონი გურამის ძმას, გოგა ოსეფაშვილს ეკუთვნოდა.
ზაზა მარჯანიშვილი: – ბატონ გურამს პირველად 1994 წელს საჩუქრად გავუგზავნე “სამოსელი პირველის” რამდენიმე პერსონაჟის მუსიკალური პორტრეტი. იმ დროს ამერიკაში ვცხოვრობდი. დედამ გადასცა. მან რომ მოისმინა, საპასუხოდ უამრავი ხელმოწერილი წიგნი გამომიგზავნა. ამან ძალიან გამაბედნიერა. მერე, წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მეგობრის პირით შემომითვალა, შემხვდესო. შევხვდით, ვისაუბრეთ იმ ჩანაწერზე და წუხდა, რომ დაკარგული ჰქონდა. ამ საუბრის ოქროს შუალედი ის იყო, რომ კარგად დაგვეწყო და დაგვემთავრებინა ეს პროექტი.
და როდესაც “სამოსელი პირველის” პრემიერაზე გვერდიგვერდ ვისხედით, ერთნაირად ვნერვიულობდით. ხელი ხელზე ეჭირა და ყოველი ახალი კომპოზიციის დაწყების დროს, ხელზე მიჭერდა ხელს. გული გახეთქვაზე მქონდა. თვალებში ეტყობოდა კმაყოფილება, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.
მან თავისი შემოქმედებით იმხელა მოტივაცია მომცა, რომ მისმა სიტყვამ მუსიკა შემიცვალა… მან მე გამზარდა არა მხოლოდ როგორც ადამიანი, არამედ როგორც მუსიკოსიც…
პოეტ ტარიელ ხარხელაურს და “დოჩანას” გარდა ლიტერიტურისა, ერთი ტკივილიანი საერთოც ჰქონდათ: ორივეს ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი. ამგვარი დიდი ტკივილიც სხვაგვარად აერთიანებს მეგობრებს.
ტარიელ ხარხელაური: – ჩვენ ვმეგობრობდით 40 წელია. თუმცა მხოლოდ მეგობრობა არ გვაკავშირებდა. დღეს ისე გაფერმკრთალებულია “მეგობრობა”, ვერ ენდობი.
ექვსი წელია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა, თუმცა ვთვლი, რომ ის იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი. გურამ დოჩანაშვილი სხვა დამოკიდებულებას არ გაძლევს. ან ხარ მასთან, ან – არა. ის იხსნება მთლიანად. თუ მასთან ხარ, შენც მთლიანად უნდა გაიხსნა.
მას შეუძლია ამაყად წავიდეს. 82 წელი კი არ იცოცხლა, იცხოვრა! მთლიანად იცხოვრა. ასეთი სრულყოფილი კაცები ხელზე ჩამოსათვლელია.
მე ძლიან მტკივა გული. ამ ბოლო დროს ისეთი ხალხი გავიდა ამ წუთისოფლიდან – ანზორ ერქომაიშვილი, თემურ წიკლაური, ახლა – “დოჩანა”…ყველას თავისი წილი “დოჩანა” ჰყავს, თავისი კალაპოტის, თარგის, თავისი საზომი… მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს კი, მისი მუსიკალური “დოჩანა” უყვარს.
ნიკოლოზ რაჭველი: – “დოჩანა” მუსიკოსი იყო და მართლა ძალიან უყვარდა მუსიკა. გარდა იმისა, რომ განათლებით მევიოლინე იყო, ძალიან ღრმად იცოდა მუსიკა და განსაკუთრებით, კლასიკური მუსიკა. მე არ მახსოვს სიმფონიური ორკესტრის კონცერტები მის გარეშე. ყოველთვის გვესწრებოდა და გვგულშემატკივრობდა.
მახსოვს და სულ მემახსოვრება ის საოცარი სიკეთე, რომელიც მისი თვალებიდან იფრქვეოდა. ამას მისი ხმის ტემბრიც ერთვოდა. იყო არანორმალური სიკეთის მატარებელი. მე მსგავსი არავინ მინახავს. გენიოსებიც მინახავს, მაგრამ მსგავსი თვისებებით, არავინ.
ყველამ და მათ შორის მათაც კი, ვისაც გურამის არაფერი აქვთ წაკითხული, იციან, რომ დღეს დიდ გენიოსს გამოვეთხოვეთ…სამების საკათედრო ტაძარი, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ორი ბუმბერაზი მამულიშვილის წესის აგების მოწმე გახდა. მოედინებოდა და გაედინებოდა ამაყი ტაძრის შუაგულში გულმტირალი ქართველების რიგები… ტიროდნენ დაობლებას, კულტურული ცხოვრების გამოშიგნვას. დამთავრდა ეპოქა. ეპოქალურმა ადამიანებმა ისე მოულოდნელად დაგვტოვეს, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თურმე ისინიც ემორჩილებიან კანონზომიერებას… გადავიდნენ მარადისობაში და ამ სულიერებისგან გამოცლილი სამყაროს პირისპირ დაგვტოვეს.
ტაძრის გასასველ მთავარ ალაყაფის კართან ნინო ქათამაძე მოდიოდა. მოდიოდა და დიდრონი ცისფერი თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა…
PRIMETIME.GE