9 აპრილი გამორჩეული დღეა - ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავს, აღვნიშნავთ ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეს და პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა. 1991 წლის 9 აპრილს კი ფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მრავალი ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავგანწირვას ასაზრდოებდა: პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. „თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერმა მოიპოვა თავისუფლება“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა