თბილისი მერის, კახა კალაძის თქმით, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. მან და მისმა მოადგილეებმა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს — 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.