ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისთვის და მოიპოვა საკუთრების უფლება ამ საპროექტო ტერიტორიაზე, - აცხადებს „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური.
მისივე განცხადებით, მიწის ნაკვეთით მოსარგებლე ოჯახის დადგენის შემდეგ, კონკრეტული კომპენსაციის სანაცვლოდ, ეფრემიძეების ოჯახი მიწის ამ მონაკვეთით სარგებლობის შეწყვეტას დათანხმდა.
„გამოკითხვა ჩავატარეთ ადგილზე და გვითხრეს კონკრეტული ოჯახი, რომელიც სარგებლობდა აღნიშნული ტერიტორიით. მივედით ამ ოჯახთან, ვაწარმოეთ მოლაპარაკება. ეს ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებით, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული, ვაწარმოებდით მოლაპარაკებას შორენა ეფრემიძესთან, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არის ქალბატონი ლალის დის შვილი. შედგა მოლაპარაკება, სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ გადახდილი იქნა კონკრეტული კომპენსაცია. ამის საფუძველზე, მოსარგებლემ აიღო ის ვალდებულება, რომ შეწყვეტდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას და არ მიმდინარეობდა არანაირი წარმოებდა და დავა ამ მიწაზე; თუკი ჩვენ მიერ თანხის გადახდის შემდგომ ვინმეს პრეტენზია კიდევ გაუჩნდებოდა, ეს პასუხისმგებლობა იყო მიწის მოსარგებლეზე გადასული, ის კონკრეტული კისრულობდა პასუხისმგებლობას, რომ მოახდენდა იმ თანხის განაწილებას იმ პროპორციით, რაზეც შიგნით შეთანხმებოდნენ ოჯახში. აღნიშნული ტერიტორიები არასოდეს საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული არც შორენა ეფრემიძეზე, არც ლალი ეფრემიძეზე, ისინი უბრალოდ სარგებლობდნენ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთით. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა იმ ოჯახთან, რომელზეც გვითხრეს, რომ იყო მიწის მოსარგებლე, ქალბატონი ლალი მუდმივად იყო ხეობაში. კომპანიას შეეძლო, საერთოდ არ გაეცა კომპენსაცია, ვინაიდან საკუთრება კანონიერად ჰქონდა მოპოვებული, თუმცა რასაც დღევანდელი დაკვირვებით ვუყურებთ, შეიძლება, ოჯახში არსებული დავაც იყოს ერთმანეთში; არ არის გამორიცხული, ამაში კომპანია ვერ და არ ჩაერევა“, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.