გვახსოვს თავად გახარიას ფრაზა, რომ ივანიშვილი ქვეყნის სისტემური მზღვეველია და მისი სახით "ქვეყანაში უნიკალური დაზღვევა გვყავს", ამიტომ საინტერესოა, ვის მიმართ არიან ისინი ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს კრიზისების მართვის უნარი ნამდვილად არ ჰქონდა, რაც, ერთის მხრივ, ძალიან დაგვიანებული ვაქცინაციის პროგრამით და მეორე მხრივ, ქართული ეკონომიკის კატასტროფით ჩანს.
„ამ დროისთვის გახარიას პარტია არის ვირტუალური და არანაირ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ადასტურებს იმ ვერსიას, რომელიც გამოთქმული იყო არაერთხელ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე იმისათვის, რომ შეაჩეროს "ქართული ოცნების" ელექტორატის რღვევა, რომელიც სახეზეა და გამოწვეულია „ოცნების" დღევანდელი ლიდერების რადიკალიზმით და არაკონსტრუქციული ნაბიჯებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას უნდა უთხრას, ანაკლიის პორტი რატომ გააჩერა.
“როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის განვითარების მთავარ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მიიჩნევენ, დროა გიორგი გახარიამ, გულახდილად მოუყვეს საზოგადოებას, ჩვენს მიმართ გადმოცემული მუქარის წერილის ისტორია, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უნდა უთხრას, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი, ვისი დავალებით გააჩერა, რატომ მიაყენა ამხელა ზიანი ქვეყანას, რატომ გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი პირობა, რომ შემდგომში მისი სხვა განცხადებები იყოს მეტ-ნაკლებად სანდო და სიმართლესთან კავშირში. მე ვაფასებ სინანულის, პატიების და მიტევების უნარს. ამიტომ კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ დაგროვდა, მისი მხრიდან მოითხოვს გულწრფელ პასუხებს. თუ გახარია ამას გააკეთებს, დაგვანახებს კეთილსინდისიერი ადამიანის საქციელს. აღიარების და მონანიების გარეშე, ყველაფერი იქნება პირფერობის და სიცრუის გაგრძელება, რასაც ვხედავდით მისი მმართველობის დროს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.