„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციის გადაწყვეტილება შეაფასა, ხელი არ მოაწეროს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს.
„თავისთავად, ეს რიტორიკაც ბუნებრივია, არის წინააღმდეგობრივი, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, კონკრეტულად ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და მეორე მხრივ ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, თავისთავად ეს მტკიცებაც და ლოგიკაც წინააღმდეგობრივია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.