ყველა მედიატორმა, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში იცოდა პირადად ჩემგან, ისე როგორც ჩემი საჯარო განცხადებებიდან, რომ მე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მქონდა და შესაბამისად, მათთვის ეს სიურპრიზი არ იქნება, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს, ეს სრულიად სერიოზულად გააკეთა.
„როდესაც გადაწყვეტილება მივიღე და განცხადებით მივმართე საქართველოს პარლამენტს, ეს სრულიად სერიოზულად გავაკეთე. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას არ ჰქონდა არანაირი უფლება უარი ეთქვა ჩემთვის მანდატის შეჩერებაზე. ყველა მედიატორმა, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში იცოდა პირადად ჩემგან, ისე როგორც ჩემი საჯარო განცხადებებიდან, რომ მე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მქონდა და შესაბამისად, მათთვის ეს სიურპრიზი არ იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
2 თებერვალს, პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამარ კორძაიას შუამდგომლობა, სარჩელის არსებითი განხილვის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა.