ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი არ უნდა მოეწერა.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პირველივე დღეს დიდი შეცდომა დაუშვა.
ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციას მელიასთან კონსულტაციების გარეშე დოკუმენტისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.
„საერთოდ ოპოზიციამ პირველივე დღეს დაუშვა დიდი შეცდომა. თავი დავანებოთ, იმას, რომ შეიძლება რაღაც გამორჩათ ან შეეშალათ. მელიას წინაშე არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად არ არიან მართლები, მაშინ როდესაც ამ ადამიანმა ფაქტობრივად თავის მხრებზე მოიტანა ეს პროცესი, როდესაც ოპოზიცია უმაღლეს დონეზე დაჯდა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და ა.შ. ეს პროცესი მოიტანა მელიას იმ ქმედებებმა, რასაც მოჰყვა ყველაფერი ეს.აქედან გამომდინარე, მათ არაფერზე ხელი არ უნდა მოეწერათ, არაფერზე არ უნდა შეთანხმებოდნენ, რომც ჰქონოდათ ასეთი მოსაზრება სანამ კონსულტაციებს არ გაივლიდნენ მელიასთან. ისინი ასე არ მოიქცნენ, ფაქტობრივად მელიას არ დაელაპარაკნენ, პირდაპირ ადგნენ და დაიწყეს რაღაცაზე ხელმოწერა. ადამიანურად, კაცურად, არანაირად ეს სწორი საქციელი არ იყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა „მთავარის“ ეთერში.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“