თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გამოყენებისას სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ცერცვაძის განმარტებითვე, აღნიშნული ვაქცინები ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა და მათ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
„საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, მათი ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი, ლიდერი ვაქცინების - „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასი“, რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს, განსაკუთრებით, „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ – 95%-ს აღწევს, ხოლო დაავდების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს, მაგრამ მაინც მთავარია მძიმე ფორმები. „სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცვას. ეს დაახლოებით, ისეთი დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. „სინოვაკის“ პროცენტები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კვლევა არის და შემდეგი შეხვედრისთვის გვეცოდინება.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მასზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური - 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა“, - განაცხადა ცერცვაძემ.