“ჩემი განცხადება დათო ბაქრაძის შესახებ არ ყოფილა მკვეთრი, საკმაოდ მოზომილი იყო”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შესახებ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.
კითხვაზე, ხომ არ შეხვედრია მას, რაც პარტიიდან წავიდა? – პასუხობს:
“რაც წავიდა პარტიიდან კი არა, როგორც თავად თქვა პოლიტიკიდან, ვერ ვხედავ ჩემ თავს და ამოვწურე ჩემი თავიო, ამის მერე რამდენჯერმე ვნახე. ის ინერციით ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მან განცხადებაც გააკეთა მე იქ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო, მერე ეს პოზიციაც შეცვალა, მაგრამ ეს მისი უფლებაა, ადამიანები იცვლიან ხოლმე მოსაზრებას. მაგრამ პირობა და შეთანხმება პოლიტიკური კულტურის ნაწილია. “ევროპული საქართველო” ამით გამოვირჩევით, რომ ერთმანეთთან ამ წესებს ვიცავთ. ამიტომ მე როგორც ამ პარტიის წევრს მრცხვენია თუ ეს პირობა ამ შემთხვევაში დაირღვევა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს, რომელიც გამოხატავს პარტიის ინტერესებს.