ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს ოფიციალურ ცნობებში მოყვანილ ციფრებთან შედარებით.
„გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ მცირე 2-3-ჯერ აღემატება ოფიციალურად გავრცელებულ მონაცემს“, – განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, სამირა ასმამ, ჟურნალისტებთან საუბარში, გაეროს უწყების მიერ ჯანდაცვის გლობალური სტატისტიკის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.
2021 წლის მაისისათვის, გაეროს სააგენტოს ანგარიშის თანახმად, უშუალოდ COVID-19-ის პანდემიის შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 3,4 მილიონი ადამიანი. „სინამდვილეში ეს რიცხვი 2-3-ჯერ მეტი უნდა იყოს. ჩემი ფრთხილი ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 6-8 მილიონით უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ასმამ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.
ამ შეფასებაში იგულისხმება როგორც COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების დაურეგისტრირებელი, ისე სამკურნალო დაწესებულებებში შესაბამისი შესაძლებლობის არარსებობის, პაციენტების გადაადგილების შეზღუდვისა თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები.
„როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს COVID-19-თან როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის ერთობ არასრულ აღიცხვასთან“, – განაცხადა ჯანმოს ანალიტიკოსმა, ულიამ მსენბურიმ.
COVID-19-ზე ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდეს რუსეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ დეკემბერში აღიარა, რომ რუსეთში წარმოებული სტატისტიკა საეჭვოა. მისი ვარაუდით, 2020 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში აღრიცხული „ჭარბი სიკვდილიანობის“ 229 700 შემთხვევის 81% დაკავშირებულია COVID-19-თან. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა უნდა ყოფილიყო 186 000-ზე მეტი. მაშინ, როცა სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის“ მონაცემებით, იმ დროისთვის ოფიციალურად 57 000 ადამიანი იყო გარდაცვლილი ამ ვირუსით.