ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ თოქ - შოუების წამყვანებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პარტიების თავმჯდომარების განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას განცხადებით, სიმართლის თქმის რესურსი და უფლება აქვს, რომელსაც ვერავინ წაართმევს.
„პარტიის დაფუძნების პირველივე დღეს, პირველი სიტყვები, რაც ვთქვით: „ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. ეს ტყუილად არ მითქვამს, ეს არის ის ფასეულობები, რაზე დაყრდნობითაც მე ეს ნაბიჯი გადავედი. ამის შემდგომ, უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იძახის, რომ აგერ ვნახავ, გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერე საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე ან ან არ მივცემო. დღეს კიდევ გამოსულა „ოცნების“ თავმჯდომარე და გახარიამ ახსნას მიშა სააკაშვილის ... ახლა როგორ იტყვისო, მერე ჩვენ ვაკვირდებით და დასკვნას გავაკეთებთო. აი, საერთოდ არ მაინტერესებს! არცერთ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორის თავმჯდომარეს ეკითხება. ჩემთვის უაღრესად სამწუხარო და უდიდესი იმედგაცრუებაა აი, ამ ორი ლექსიკის ერთმანეთის ძალიან მსგავსება, ისეთივე, როგორც, მაგალითად დღეს უთქვამთ, რომ შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ და აქედან გავაკეთოთ დასკვნა, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია არის თუ არა მიშა სააკაშვილის პროექტიო და დღეს, აქ „იმედი“ არ არის. ჩემთვის ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა, მაშინ, როდესაც 4 თვის წინ „იმედის“ ნებისმიერი კარი ჩემთვის დიდ სიამოვნებით იყო გაღებული. დღეს, არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა. ძალიან გამიკვირდა, რომ „რუსთავი 2“ მოვიდა. სხვათა შორის, დიდი მადლობა მათ, ვაფასებ. მე ხომ ვთქვი, რომ სიმართლის თქმის რესურსი და უფლება მაქვს და ამას ვერავინ წამართმევს“, - განაცხადა გახარიამ.