სამართალდამცველები არიან ის ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში. აქვთ მკაცრად გაწერილი წესები, სამოქმედო გეგმა და ვალდებულება.
თუმცა, პოლიციის სამხრეების, კანონით დაკისრებული მოვალეობის მიღმა, მათ ვხედავთ რიგითი მოქალაქეების ამპლუაში. და რაც მთავარია, მათ აქვთ პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილები…
პატარები ამაყობენ რომ მათი მამიკო პოლიციელია, მათი ოჯახის წევრები აცნობიერებენ მათ პასუხისმგებლობას და ხან შიშნარევი, მაგრამ ყოველთვის იმედიანები აგრძელებენ მათი მორიგეობის დროს თეთრი ღამეებით ცხოვრებას.
2018 წელს სოციალურ ქსელში გადავაწყდი ამ ფოტოს, სადაც პატარა გოგო უბნის ინსპექტორის სიმბოლოს, პატარა თითებით ეფერება. მაშინ არც ვიცოდი და არც მიკითხავს, ვინ იყო ეს პატარა, მაგრამ წლების შემდეგ ამ ფოტოს გმირების გაცნობის ბედნიერება მხვდა წილად.ფოტოს გმირი, პატარა გოგო, მარიამ შათირიშვილია და ახლა ის 3 წლისაა. ფოტოზე „უბნის ინსპექტორი“ მისი ბიძა, ახლა პატრულ-ინსპექტორი გიორგი ვარდოშვილია, რომელიც თელავში მუშაობს.
როგორც მარიამის დედა გვიყვება, პატარას ძალიან უყვარს ბიძა. მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ბიძაც ანებივრებს დის შვილს.მარიამის მამიკოც მოქალაქეების უსაფრთხოებასა და გადარჩენაზე ზრუნავს. ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელია.ამ ფოტოზე კი 1, 5 წლის ქეთო დავითაშვილი მამიკოს სამსახურთან ელოდება. შეიძლება ამ ფოტოს „სიმშვიდის გარანტი“ დავაქრვათ, რადგან პატარა გოგომ იცის, რომ იქვე ახლოს მამიკოა და ის იცავს…ამ პატარა გოგონების მამიკოები და ბიძა იმდენად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ, გამიჭირდა, ინტერვიუზე დამეთანხმებინა. თუმცა ესეც მათ თავმდაბლობაზე მეტყველებს.