სახალხო დამცველმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ ბავშვთა სახლი 2020 წელს უნდა დაიხუროს - ძალიან მტკივნეული განცხადებაა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი" განაცხადა, სახალხო დამცველის პანსიონში არ შეშვებას წინაპირობა ჰქონდა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად სწორი იყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვება.
"ამას წინაპირობა ჰქონდა. როგორც ირკვევა, სახალხო დამცველმა ორი წლის წინ განაცხადა, ამ ბავშვთა სახლში, რომ ბავშვთა სახლი 2020 წელს უნდა დაიხუროს. ძალიან მტკივნეული განცხადებაა, თუ ეს უნდა დაიხუროს. მერე გავარკვიეთ ყველაფერი, რაშია საქმე, ოღონდ, ახლა. რადგან ეს თქვა, იქ დარჩა ეს სიტყვები. შიგნით იყო შესული და მაშინ თქვა. ერთ-ერთი იქ მყოფის, ვინც დაამთავრა კურსი, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის, გოგონას მონათხრობია, მერე გავიგეთ რაშია საქმე. რაში ყოფილა იცით? - კანონი მიუღიათ, არავინ ვიცოდით ეს კანონი, რომ 2020 წლიდან საქართველოში არ უნდა იყოს დიდი ბავშვთა სახლები. უნდა იყოს ოჯახური ტიპის. თავისთავად ძალიან კარგი აზრია, ოღონდ, ქვეყანა უნდა მოემზადოს ამისთვის. ბავშვთა სახლს რომ ეუბნები, უნდა დაგხურო, რას ნიშნავს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში უნდა დარჩნენ. სხვნაირად ვერ წარმოუდგენია ვერავის. ვერკვევით, მთავარი მიზეზები, რაში მდგომარეობას. ახლა ამას პირველად ვამბობ, რადგან აქამდე არ ვიცოდი.
რასაც მეუფე სპირიდონი ამბობს, იმასაც ვეთანხმები, რომ არ შეიძლება ბავშვებთან მოუმზადებელ ბავშვებთან, თან უნდა გესმოდეთ, რა ბავშვებზეა ლაპარაკი. ეს არიან ბავშვები, რომლებიც დაზიენებული ბავშვები არიან ცხოვრების გამო. შეიძლება არავის ბრალი არ არის, ასეთ ოჯახში გაჩნდა, ან არ აქვთ საერთოდ ოჯახი. ბავშვები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის იყვნენ, რომ მიიყვანეს, იქ გაიზარდნენ. ბავშვები არიან, რომლებსაც ფიზიკური ნაკლი აქვთ, არ არიან სრულყოფილად განვითარებულები. ასეთი ტიპის დაწესებულებაა. თუ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს, მე თვითონაც მომხრე ვარ, რომ ოჯახში, ოჯახურ გარემოში იყვნენ ბავშვები, რა თქმა უნდა, მაგრამ... თუ გადავა ოჯახური ტიპის დაწესებულებები და მომზადებული იქნება, როგორ ვიქნები წინააღმდეგი, პირიქით, მაგას რა ჯობია, მაგრამ, როცა არ არის ამის საშუალება?", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
კითხვაზე დაარღვია თუ არა მეუფე სპირიდონმა კანონი, როდესაც მან არ შეუშვა ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს: "რა თქმა უნდა, დაარღვია".
"შესაბამისად, როდესაც არსებობს კანონი, უნდა არსებობდეს ამ კანონის მარეგულირებელი მეორე კანონი. მე მხოლოდ ამას ვამბობ, მეუფე სპირიდონმა დაარღვია ეს კანონი, მაგრამ მიმაჩნია, რომ იძულებული გახდა დაერღვია - მე ასე ვიტყოდი. დაარღვია ნამდვილად, მაგრამ სად არის გამოსავალი? სამართალდამცავებმა ამაზე უნდა იმოქმედონ და კანონის დარღვევაზე დასაჯონ. დიახ, რატომ არა? მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ახლა, ამ წუთასაც შემიძლია დანაშაულის ჩადენა,არაფერი მზღუდავს, ერთადერთი მზღუდავს ის, რომ ჩემ დანაშაულზე პასუხი უნდა ვაგო. ხელისუფლებამ უნდა მაგებინოს პასუხი - ვიღაცამ უნდა დაარეგულიროს", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, მეუფე სპირიდონი თუ არ აძლევს სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალებას, გაარკვიოს სასამართლომ.