“ოცნების” სამზარეულოს ხუხაშვილი უკეთ იცნობს, იქ შეფმზარული თუ არა მოადგილე მაინც იყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს გვიან საღამოს შევთავაზებთ.
_ გია ხუხაშვილმა თქვა, რომ გახარიას „ოცნება“ „ჩაუდებს“ სააკაშვილსაც და რუსეთსაცო. სააკაშვილთან გააიგივეს უკვე და რუსეთის კონტექსტიც ხომ არ გაჩნდება და მოღალატის იარლიყის მიწებება ამის წინაპირობა ხომ არ არის?
_ ყველაფერი შეიძლება „ჩაუდონ“, მაგრამ ეფექტი არ ექნება. მე ადრე თქვენთან ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური სრული კომფორტისთვის პატიმრობა სჭირდებოდა და გაუკეთეს ეგ საჩუქარიც, როდესაც გახადეს პოლიტპატიმარი. ახლა გახარიას სჭირდება, რომ მართლა „ჩაუდონ“ რაღაცა, რათა თქვას, რომ არც ახლა დაიჯერებთ, რომ დამოუკიდებელი ვარო?! ჩვენთან ხომ ასეა, რომ რაც უფრო მეტად ჩაგრავენ ადამიანს, მით მეტია მისდამი სიმპათია. ჩვენთან მორწმუნე თომები უფრო ურწმუნოები არიან, ვიდრე ნეტარ მორწმუნეები. როდესაც ხალხს ეკლესიის და პატრიარქის აღარ სჯერა, ვინ დაიჯერებს იმას, რასაც გახარიაზე იტყვიან.
რუსეთის იარლიყს ვერ მიაწებებენ გახარიას. იმიტომ რომ მაგის ბიოგრაფია ზეპირად იცოდნენ. თვითონ გია ხუხაშვილმა ყველაზე კარგად იცის და ხუხაშვილის კადრია. ჩემთან აგარაკზე მოყვა ხუხაშვილი, როგორ გააცნო ივანიშვილს გახარია, როდესაც ის დანიშნეს ბიზნესომბუდსმენად. გარდა მაგისა, რომელი ქართველი მოსკოვში რას აკეთებს, ეგ არ იცოდა ბიძინამ?!
რას იზამენ „ჩაუდებენ“ თუ რას იზამენ არ ვიცი. გია ხუხაშვილი ჩემზე უკეთ იცნობს სამზარეულოს. ბოლოსდაბოლოს იმ სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი მზარეული იყო თავის დროზე.
_ შეიძლება შეფმზარეულიც კი.
_ შეფი თუ არა, შეფის პირველი მოადგილე იყო. მაგან უკეთესად იცის. მე იქ მზარეული არ ვყოფილვარ და არც იმ სუფრაზე არ ვმჯდარვარ არასოდეს. ღმერთმა დამიფარა ამისგან.