დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას, 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო კამპანიას.
„ერთ წელიწადში მსოფლიოში უნდა აიცრას მოზრდილი მოსახლეობის 70%. მოზრდილი მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიარდს აღწევს. ყვავილის აღმოფხვრის კამპანია 12 წელი გრძელდებოდა, პოლიომიელიტის აღმოფხვრის კამპანია თითქმის 40 წელია მიმდინარეობს და 2 ქვეყანაშია დარჩენილი. ისეთი რამ, რაც 1 წელიწადში კოვიდთან დაკავშირებით ხდება, არ მომხდარა არც მსოფლიოში და არც საქართველოში. ჩვენ ავცერით მოსახლეობის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, მაგრამ ეს ხდებოდა 90-იან წლებში, სამი წლის განმავლობაში, როცა დიფთერია გვიტევდა ან პოლიომიელიტის კამპანიას ვაწარმოებდით, თუმცა ეს არ მომხდარა ერთ წელიწადში. ვიცი, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას. 20% მერყეობს, დანარჩენი კი წინააღმდეგია. ჩვენი მიზანია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, ადვილად აიცრას. ამ 20%-ს ჩვენ და თქვენ, ჟურნალისტებმა, ერთად უნდა დავაჯეროთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი მოუგონია კაცობრიობას. აცრამ აღმოფხვრა ყვავილი - საშინელი დაავადება, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს კლავდა ყოველწლიურად. აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, წითელას, ცოფს და უნდა დაამარცხოს კოვიდის. ამიტომ ეს 20%-ი უნდა დავარწმუნოთ და სერიოზულად ვიმუშაოთ დანარჩენ 30%-თან“, - აცხადებს გამყრელიძე.