რუსეთში ვინმეს მკვლელობის ტრადიცია არ არსებობს. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC -თვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კრემლის შესაძლო კავშირის შესახებ. პუტინის ინტერვიუ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა.
კერძოდ, NBC -ის კორესპონდენტმა პუტინს მისი მმართველობის დროს სხვადასხვა გარემოებებში დაღუპული ადამიანების გვარები ჩამოუთვალა - ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლა, სერგეი მაგნიტსკის დაღუპვა, ბერლინში მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის მიხეილ ლესინის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალება. ამაზე პუტინმა უპასუხა, რომ ამ ადამიანების გარდაცვალებას შორის კავშირს ვერ ხედავს.რაც შეეხება ციხეში ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ყოფნის პირობებს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „მას იმაზე ცუდად არ ექცევიან ვიდრე სხვა პატიმრებს". ასევე მან აღნიშნა, რომ პატიმრობის საკითხებს რუსეთში პრეზიდენტი არ წყვეტს.
პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვს აშშ-ში განხორციელებულ კიბერშეტევებთან კავშირი არა აქვს. მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ირანს სადაზვერვო თანამგზავრს გადასცემს.