სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა დასრულდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი დაისვა, რაზეც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან პოზიცია უცვლელია.
მისი თქმით, ასევე იმსჯელეს ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრის მოსანახულებლად ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობაზეც.„განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.
ირაკლი ანთაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისთვის დიპლომატიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„სხვადასხვა დონეზე, ვგულისხმობ დიპლომატიურ არხებს, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეს საკითხი დროში აღარ გაჭიანურდეს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.