„ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ის პრობლემები, რომლებიც, ალბათ, არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ, ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, საპატრიარქოს საზედამხედველო ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა და ამ მიმართულებით, „ცოტა მეტია გასაკეთებელი“.
„მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდეც. როგორც ჩანს, ცოტა მეტია გასაკეთებელი. სინოდი როდესაც შეიკრიბება, იმედი მაქვს, იმსჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როდის შეიკრიბება სინოდი გესმით მიზეზთა და გარემოებათა გამო, იმ განსაცდელის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ყველა და ასევე ეკლესია მათ შორის“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაცმოესურვება.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა.