აჭარის მთავრობის სახლთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და პოლიციელები დაუპირისპირდნენ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე.
მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა – ისინი აჭარის მთავრობის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. პოლიციამ შეკრებილებს განუმარტა, რომ კარვების გაშლის უფლებას არ მისცემენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.
აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. შეკრებილები შვიდივე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება. ისინი რიონის ხეობის დაცვის აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.