საქართველომ ამერიკული კომპანია "გილეადისგან" "კოვიდ-19"-ის სამკურნალო მედიკამენტ "რემდესივირის" ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.
"ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია "გილეადმა" ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "კოვიდ-19"-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ "რემდესივირის" 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Vეკლურყ ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.
ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია "გილეადს" ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს "რემდესივირით" ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია "გილეადის" ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.