დედაქალაქში 2018-2021 წლებში, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოქალაქეთა ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა.
„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, შვიდი ძირითადი მიმართულება გვქონდა, რომელზეც კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების სახით, კონკრეტული დაპირებები გაიცა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გვეწურება უფლებამოსილება, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რისი გაკეთება შევძელით. დღევანდელი ჩვენი ანგარიში სოციალურ პოლიტიკას ეხება, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხელი არ შეუწყო მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ შეუქმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.