რუსეთში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა პრაიდის თვის აღსანიშნავად LGBT+ თემის დროშები გამოფინეს.
ასევე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ისლანდიის და ახალი ზელანდიის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ადამიანის უფლებების, მათ შორის LGBTI+ ადამიანების უფლებების დაცვის მხარდაჭერა დაადასტურეს.
"სამწუხაროდ, მსოფლიოში LGBTI+ ადამიანები ჯერ კიდევ დგანან ძალადობის, შევიწროების, დისკრიმინაციის წინაშე და სამართალდამცავი სისტემა ხშირად თვალს ხუჭავს სიძულვილის ენასა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომლებიც ბევრ ქვეყანაში ხშირია" –ვკითხულობთ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ საელჩოსთან ჩამოკიდებული LGBT+ დროშის ფოტო გამოაქვეყნა, აშშ-ს საელჩოს გამოქვყნებულ ფოტოზე რუსეთში ახლად დაბრუნებული ელჩი ჯონ სალივანი ცისარტყელა დროშას კიდებს, ხოლო კანადის საელჩომ LGBT+ დროშისა და კანადის დროშის ფონზე გადაღებული თანამშრომლების ფოტო გამოაქვეყნა.
გასულ წელს კრემლმა საელჩოების მსგავსი საქციელი, LGBT+ დროშების დაკიდება, უკანონოდ შეაფასა.
რუსეთში ცისარტყელა დროშის გამოფენა იშვიათობაა. 2013 წელს "არასრულწლოვნებისთვის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა" აიკრძალა და ქვეყანაში LGBT+ თემის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულებაა.