ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, საოკუპაციო რეჟიმი ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.
ამ მოვლენას წინ უძღოდა ჟენევის დისკუსია, სადაც ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული ქართველების გათავისუფლება მოითხოვა. პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხატის ცხინვალში დაბრუნება მოითხოვეს. მათი თქმით, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც სხვადასხვა პრობლემების მოგვარება შეუძლია.
ოქონის ხატი ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. რის შემდეგაც, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილი გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.