თანდათან „ინდური შტამის“ ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს „ბრიტანული შტამის“ ცირკულაციას და როგორც არის პროგნოზი, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ძალიან საყურადღებოა ის დინამიკა, რომელიც უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებლის ზრდაში გამოიხატება. ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, რაც კარგი შედეგია.
„გუშინ გავაკეთებინეთ ანალიზი, რომლის თანახმადაც, 15 მარტის შემდეგ დღემდე ანუ რაც აცრები დავიწყეთ, კოვიდით გარდაცვლილია 1668 ადამიანი და 1664 არ იყო ვაქცინირებული ანუ 98,6% ამ გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. თუმცა მთავარია, რომ ორჯერადად აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია. ანუ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ვაქცინები, პირველ რიგში, იცავს მძიმე გართულებისა და მძიმე გამოსავლისგან.
ეპიდემიოლოგიური რისკები არის, რა თქმა უნდა და სერიოზული, იმიტომ, რომ ეს ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. ჩვენ გასულ კვირაში გვქონდა დამატებით კიდევ 25 „დელტა“ ანუ ე.წ.ინდური შტამის შემთხვევა და თანდათან „ინდური შტამის“ ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს „ბრიტანული შტამის“ ცირკულაციას და როგორც არის პროგნოზი, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა გამყრელიძემ.