სახეში შეაყარეს ეს დოკუმენტი ჩვენს პარტნიორებს, ახლა საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ მათ. როგორც ჩანს, მივა სანქციებამდე საქმე და ეს ძალიან სამწუხაროა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ეს არის საკმაოდ საშიში გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ეს არის პირდაპირი ნაბიჯი ქვეყნის დასავლური კურსის საწინააღმდეგოდ.
„პრაქტიკულად, ივანიშვილი ღიად დაადგა იანუკოვოჩის გზას. ეს ადამიანი არის პუტინის გეგმის შემსრულებელი, უბრალოდ გულწრფელად გეტყვით, რომ მეგონა, ამ თამაშს გააგრძელებდა და შეეცდებოდა, კიდევ დაეხვია თავბრუ საქართველოში მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მიამიტურად ფიქრობდა, რომ მიუხედავად პრობლემებისა თუ ხარვეზებისა, ივანიშვილი პატრიოტული ქართული კურსის გამტარებელია. ახლა სავსებით მოულოდნელად მან თავიდან ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი“, - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, მან უტიფრობა უწოდა მმართველი გუნდის მცდელობას, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა დაესახელებინა. ბარამიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ ეტაპზე არ უთქვამს, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერდა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ადამიანებისგან ასეთ უტიფრობას.“ნაციონალური მოძრაობა“ რომ ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს, ახლა გაიგეს? „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ მომენტში არ უთქვამს, რომ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა. რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზი ხომ უნდა უთხრან საზოგადოებას და ახლა ამას ეუბნებიან. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შარლ მიშელის მონაწილეობით და შეუთანხმდნენ სხვა პარტიებს და რაც მთავარია, ხელისუფლებაა ეს, რაღაც პარტია ხომ არ არიან?! ქვეყნის ხელისუფლებაა, რომელმაც საჯაროდ, ზარ-ზეიმით პირობა დაუდო ჩვენს მთავარ პარტნიორს, იმ ორგანიზაციის გაერთიანების პირველ პირს, სადაც გაწევრიანებაზე თითქოს ესენი აპირებდნენ 2024 წელს განაცხადის შეტანას. ასეთი თვალთმაქცობა, უტიფრობა, საძაგელი ტყუილი წარმოუდგენელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. რაც დრო გავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს დოკუმენტი აქცია გამოყენებულ ტუალეტის ქაღალდად და გადააგდო ურნაში.
ქვეყანას მიაქანებს და აფორმებს უკვე ღიად, დიქტატურისკენ ივანიშვილი, ფეხებზე იკიდებს ევროპელებს, ფეხებზე იკიდებს ამერიკელებს, საერთოდ ჩვენს პროდასავლურ კურსს“, - განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის პასუხი და იქნება თუ არა სწორი ნაბიჯი პარლამენტის ბოიკოტირება, გიორგი ბარამიძის თქმით, პარლამენტში შესვლა თავიდანვე შეცდომა იყო და ბოიკოტირებასთან დაკავშირებულ პოზიციას ახლაც იზიარებს.
„მივესალმები ზურა ჯაფარიძის ამჯერად სწორ გადაწყვეტილებას, ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას, პატიოსან გადაწყვეტილებას. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ვთქვი, რომ ჩვენ იქ არ უნდა შევსულიყავით. ასე რომ, ამ კუთხით ჩემი პოზიცია ნათელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, ეს არ არის უბრალო საკითხი“, - განაცხადა ბარამიძემ.