თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ამის გამო ნამდვილად არ შემოვირტყამ თავში ხელს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ იქნება.
როგორც მან აღნიშნა, მუდმივად საარჩევნო რეჟიმში ყოფნა მოქალაქეების საჭიროებებზე კონცენტრირების საშუალებას მათ არ აძლევს.
"რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იცით, მაქვს ცოტა განსხვავებული პოზიცია. მე არ ვარ რიგგარეშე არჩევნების მოწინააღმდეგე, თუმცა, თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება, მე ამის გამო ნამდვილად არ შემოვირტყამ თავში ხელს და არ ვიტყვი - უი, ეს რა დაგვემართა. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და განვითარება. განუწყვეტლივ არჩევნებში და წინასაარჩევნო პერიოდში ყოფნა არ გვაძლევს საშუალებას, ვკონცენტრირდეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, რისი საჭიროებაც აქვთ ჩვენს "მოქალაქეებს". თუ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი გადმოსახედიდან, თუ არ გაუმჯობესდება ჩვენი შედეგები და კიდევ უფრო მეტი დეპუტატი არ შემოვალთ პარლამენტში, არ გაუარესდება და თუ არ ჩაინიშნება, ვერც ამაში ვხედავთ პრობლემას", - განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება განიხილონ "მოქალაქეებმა" "ქართული ოცნების" კოალიციაში ყოფნა, იოსელიანი აცხადებს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.
"ჯერ მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე და მერე დავინახავთ კონფიგურაციას, სადაც კოალიციური მმართველობა იქნება შესაძლებელი. ამ დროის მოცემულობით,ამის მოცემულობა არ არსებობს. თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ კოალიციური მთავრობის მოცემულობა არსებობს?! არჩევნები მოგებული აქვს ქართულ ოცნებას, შესაბამისად, არის პარლამენტი. თუ ეს ყველაფერი გადავა რიგგარეშე არჩევნებში და მერე იქნება კოალიციური მმართველობა, მერე გაგცემთ ამაზე პასუხს", - განაცხადა იოსელიანმა.