„თალიბებმა“ 90 დღეში, შესაძლოა, ავღანეთის დედაქალაქი აიღონ - The Washington Post
ამერიკელი სამხედროების პროგნოზის მიხედვით, ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ შესაძლოა 90 დღეში ქვეყნის დედაქალაქი აიღოს. ამის შესახებ The Washington Post ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ბოლო დღეებში თალიბებმა ავღანეთის პროვინციების 34 დედაქალაქი დაიკავეს. მანამდე კი რადიკალური მოძრაობა ძირითადად ქვეყნის დაუსახლებელ რაიონებს აკონტროლებდა. ამით წინა პროგნოზი ეჭვქვეშ დგება. ჯერ კიდევ ივნისში აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობდა, რომ „თალიბანმა“ საბოლოო გამარჯვებას შეიძლება ერთი წლის განმავლობაში მიაღწიოს. ახლა კი, გაზეთის ცნობით, ქვეყანაში სიტუაცია „არასწორი მიმართულებით მიდის“.თალიბების შეტევა აშშ-ის და ნატოს ჯარების გაყვანის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - ის არ ნანობს, რომ ავღანეთს ამერიკელი სამხედროები დატოვებენ. „აშშ-მა სამხედრო ოპერაციაში 20 წლის განმავლობაში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადო, მან 300 ათასი ავღანელი სამხედრო მოამზადა და აღჭურვა“, - განაცხადა ბაიდენმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ახლა ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და ქვეყნის მომავლისთვის საკუთარი ძალებით იბრძოლონ.