„მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ქვეყანას თავიდან აარიდეს არეულობა და დესტაბილიზაცია, რასაც მიზნად ისახავდა სააკაშვილის პროვოკაციული ჩამოსვლა. ცხადია, ამ მტრული ძალის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს რევანშის გზით, ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც არასოდეს არ დაუშვებს ქართული საზოგადოება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება:
„სააკაშვილს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს არაერთი უმძიმესი დანაშაული. სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ მას მაინც უწევს პასუხი აგოს ამ ყველაფრისთვის. ახლა, მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალის მშენებლობის დაწყება, რისი აუცილებლობაც ყოველდღიურად უფრო მკაფიო ხდება“, - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.