კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილსა და ამ კუთხით უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
ზაქარეიშვილის თქმით, ღარიბაშვილის უკრაინაში ყოფნის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე დიდი ალბათობაა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა სააკაშვილის საკითხი ყოფილიყო.
ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პირველი პირი საქმის კურსში ყოფილიყო.
„მგონია, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში იყო, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სააკაშვილის თემა იქნებოდა. ალბათ, გაფრთხილება იქნებოდა, რომ საქართველოში თუ ჩამოვიდოდა, დააპატიმრებდნენ. ამიტომ ზელენსკი საქმის კურსში უნდა ყოფილიყო.
ამიტომ ზელენსკის განცხადებებიც არ არის ძალიან მკაცრი და უფრო საუბარია ადამიანის უფლებებსა და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. არ დაიძაბება ვითარება თუ საქართველო მოლაპარაკებებს დაიწყებს ექსტრადირებაზე, არა შეწყალებაზე და გასუფთავებულ სააკაშვილზე ანუ როგორც პატიმრის გაშვებაზე. მგონია, რომ ამ მიმართულებით შეიძლება იყოს მოლაპარაკება, მაგრამ თუ ქართულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა სააკაშვილის გაშვებაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება დაიძაბოს ვითარება არა მარტო უკრაინასთან, არამედ ევროპასთან, იმიტომ რომ პრეზიდენტებს დიდი ხნით საპატიმროში არავინ ტოვებს. სარკოზის მაგალითი გვაქვს, მილიონები გაფლანგა, მაგრამ 1 წელი პირობითი მიუსაჯეს და უკვე სახლშია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რომ სააკაშვილს 6 წლით მოუწიოს საპატიმროში ყოფნა.
მისივე თქმით, ერთი წლითაც გამორიცხულია სააკაშვილი საპატიმროში იყოს.
„მე ამას გამოვრიცხავ. ციხეში ყოფნის 1 წელსაც კი გამოვრიცხავ. როგორც კი ჩაივლის მეორე ტურები, უფრო აქტიურად დაიწყება ამაზე საუბარი. ამასობაში გაასამართლებენ ალბათ საზღვრის უკანონო კვეთისთვის. როგორც ჩანს, უკრაინის საზღვარიც უკანონოდ გადაკვეთა ალბათ. ამ ფორმით უკრაინამ საზღვრის დარღვევისთვის სააკაშვილი შეიძლება უკან მიიღოს.
საზღვრის დარღვევისთვის შედარებით ყველაზე მსუბუქი სასჯელია. შეიძლება მიიღოს როგორც საზღვრის დარღვევისთვის, შეიძლება 5 დღე ჰყავდეთ ციხეში ან ცოტა მეტი, ან შეიწყალონ, უამრავი ფორმაა, რითაც შეიძლება გარეთ გამოვიდეს ისე რომ დანაშაული ჰქონდეს, არ გაუქარწყლდეს დანაშაული, მაგრამ უკვე ნასამართლევი სააკაშვილი გარეთ იქნება გამოსული. იქაც და აქაც როგორც პოლიტიკური ფიგურა მოწყვლადი იქნება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.