ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ყოველდღე ისმება კითხვა – გადასცემს თუ არა ქართული მხარე ყოფილ პრეზიდენტს უკრაინას, ამ კითხვის პასუხად კი მმართველ გუნდში განცხადება ყოველთვის ერთია – სააკაშვილი სასჯელს საქართველოში მოიხდის.
ასე უპასუხა დღესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ გადაცემის ვალდებულების რაიმე მექანიზმი არ არსებობს და მათ შორის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს დანაშაულს, ექვემდებარება ქართული მართლმსაჯულების მხრიდან მის გასამართლებას:
“საქართველო, რა თქმა უნდა, გადასცემს უკრაინას სააკაშვილს მას შემდეგ, რაც ის მოიხდის სასჯელს საქართველოში, – იცით რომ ექვსი წელი აქვს შეფარდებული.
სამი წელი აქვს შეფარდებული გირგვლიანის საქმეზე, 6 წელი დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე, ორი მიმდინარე საქმეა სასამართლოში და ერთი ბრალი დაიმატა, რომ შემოიპარა საქართველოში უკანონოდ.
რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს გადაცემასთან დაკავშირებით, გადაცემის ვალდებულების რაიმე მექანიზმი არ არსებობს, მათ შორის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს დანაშაულს, ექვემდებარება ქართული მართლმსაჯულების მხრიდან მის გასამართლებას.
საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები ხაზს უსვამენ მის უკრაინულ მოქალაქეობას, აქამდე ამბობდნენ, რომ ის საქართველოს პატრიოტი იყო. ეს არის მთელი აბსურდი და სამწუხარო რეალობა ჩვენი უახლოესი წარსულისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე.” – თქვა პაპუაშვილმა.